18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
რაში დახარჯა​ საგანგებო მდგომარეობის დროს ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი - ოპოზიცია საგანგებო ბიუჯეტს მოითხოვს

პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნახევარი მილიონის, 551 ათასი ლარის შესყიდვა განახორციელა.

7 თვის წინ შექმნილმა ინსპექციამ საოფისე ავეჯზე 48 920 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ახლა ორგანიზაცია 223 საოფისე სკამის, 33 კარადის, 40 ტუმბოს და 46 სავარძლის მოლოდინშია. 113 ერთეული საოფისე მაგიდა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 14 690 ლარია ინსპექციამ უკვე ჩაიბარა.

პანდემიის პერიოდში 12 ავტომობილის დაზღვევის მომსახურება ინსპექციამ 4 715 ლარი გადაიხადა. მათგან ოთხის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის ახლა აუქციონის გარეშე ტენდერი მიმდინარეობს, რომლის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება თითქმის 48 ათასი ლარია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სწორედ ასეთი შესყიდვების პრევენციის გამო ისინი საგანგებო ბიუჯეტს მოითხოვენ, რასაც "ქართული ოცნება" არ თანხმდება.

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა შესყიდვებს ინსპექციის სრულყოფილი მუშაობის აუცილებლობით ხსნის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საოფისე ავეჯის შესყიდვაზე პირველი ტენდერი არ შედგა, მეორის გამოცხადება კი პანდემიის პერიოდს დაემთხვა.

შესყიდვებს ახალი ოფისით ხსნის აიპი-ს ხელმძღვანელი. არჩილ კონცელიძის თქმით, ყველა შესყიდვის უკან ინსპექციის ეფექტური მუშაობის მიზანია.

პანდემიის პერიოდში განხორციელებული შესყიდვებიდან ყველაზე მეტი წილი ელექტრონულ ტენდერებზე მოდის, ხოლო ყველაზე ნაკლები ღირებულება - გამარტივებულ შესყიდვებზე.

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექცია ზღვირსპირა ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2020 წლის ბიუჯეტში ორგანიზაციისთვის 3 444 000 ლარია გათვალისწინებული, აქედან 1 884 000 ლარი - შრომის ანაზღაურების, ხოლო 1 383 500 - საქონლისა და მომსახურებისთვის.

დღის ამბები