კორონავირუსის ყოველდღიურად მზარდი სტატისტიკა მიანიშნებს, რომ შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება მოდუნების საფუძველი არ არის. უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა, რომ გაკონტროლდეს, ვინ და როგორ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ინფექციური დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ აქვს შემუშავებული. გარდა ამისა, შემოწმდება ყველა დაწესებულება, სადაც იქნება მომატებული რისკები.
"კურიერის" კამერამ დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული მდგომარეობა დააფიქსირა. როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროს ვაგონებში მგზავრთა შორის სულ უფრო რთული ხდება სოციალური დისტანციის დაცვა.
"მეტროსა და ავტობუსში დისტანციას ვერ დაიცავ. ავტობუსი არის 24 კაცზე გათვლილი, როგორ უნდა დაიცვა დისტანცია, რა სისულელეა?! მეტროში უფრო მეტი ეტევა, ვცდილობთ, მაგრამ მაინც. მთლიანად რომ გააჩერო ქალაქი - არ გამოდის, როდემდე ვიყოთ ასე?" - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
მგზავრების თქმით, ტრანსპორტის მხრივ დაწესებული რეგულაციების დაცვა რთულია, ვინაიდან კონდიციონერის ფუნქციონირების აკრძალვა სიცხეში მათ პრობლემას უქმნის. ასევე, მოქალაქეების თქმით, ტრანსპორტში ხშირ შემთხვევაში ხალხმრავლობა შეინიშნება.
რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, მოქალაქეთა უმრავლესობა ამ რეგულაციას იცავს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს რეგულაცია როგორც მძღოლის, ასევე მგზავრების მხრიდანაც ირღვევა.
რაც შეეხება კაფე-ბარებს და ადგილზე არსებულ მდგომარეობას, მას შემდეგ, რაც დაწესებული რეგულაციები მოიხსნა, მოქალაქეთა ნაკადის მართვა იყო რთული და პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული რეგულაციებიდან თითქმის ყველა დარღვეული იყო.
კაფე-ბარებმა მკაცრი გაფრთხილება მიიღეს და როგორც "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის რეგულაცია შესრულდეს. ასევე, ყველა კაფე-ბარში შესვლის წინ მომხმარებლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
"როდესაც ეს სიტუაცია დადგა, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, მოვახდინეთ ტერიტორიის განტვირთვა, აღარ შემოვუშვით ადამიანები ტერიტორიაზე და ეს სიტუაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში დარეგულირდა. ნაკადის ცირკულაცია შევცვალეთ, არის ერთი შემოსასვლელი და გასასვლელი. შემოსვლისას ყველა ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი, ყველა ვიზიტორი ვალდებულია ეკეთოს პირბადე, მით უმეტეს, როცა შიდა სივრცეში შედის," - აცხადებს "ფაბრიკის" ბრენდისა და მარკეტინგის მენეჯერი მარიამ კვირკველიძე.