დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები ქვეყანაში - რა რეკომენდაციებს მისცემს მთავრობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ერთხელ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყანაში.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ამ ეტაპზე რეგულაციების კიდევ ერთხელ გამკაცრების საჭიროება არ დგას და ინფიცირების შემთხვევების მატებას ეპიდემიოლოგები შერბილებული რეგულაციების ფონზე ისედაც ელოდნენ.
მისივე თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღა შემოდგომაზეა მოსალოდნელი.
"ის, რაც დღეს ხდება, არავითარი საფუძველი შეზღუდვების გაძლიერებისა არ არის, უფრო უნდა მეტი თვითშეგნება ჩვენი მოსახლეობის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, უნდა დავიცვათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. მარტო სახელმწიფო ვერაფერს იზამს, თუ საზოგადოება გვერდით არ ამოუდგა.
ჩვენ კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ველოდებით ცივ შემოდგომაზე ანუ აცივებისას. ახლა ვფიქრობ, ეს უფრო დაკავშირებულია შემსუბუქების პოლიტიკასთან, რომელიც პროგნოზირებადი იყო, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
სპეციალისტების ნაწილი კი შიდა გავრცელების უფრო ფართო მასშტაბებზე აკეთებს აქცენტს და მიიჩნევს, რომ თუ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, აუცილებელი იქნება შესაბამისი რეაგირება.
"შიდა გავრცელების ფაქტები დიდი ხანია დაწყებულია უკვე, უბრალოდ ახლა უკვე გაუკონტროლებელი შიდა გავრცელებები არის და ეს იქნებოდა კიდევაც. თუ ისევ მოხდა აფეთქება, რა თქმა უნდა, ისევ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. ხედავთ ახლა რამდენ ქვეყანაში არის დამძიმებული მდგომარეობა. იგივე სამხრეთ კორეაში ხომ ხედავთ, რა ხდება, რისკები დიდია და მარტო იმნაძისა და მისი სამსახურების იმედზე ვერ ვიქნებით, ამხელა ქვეყნის გაკონტროლება მარტივი არ არის, თუ ხალხი არ ჩაერთო ამ პროცესში, ვერც ერთი ორგანიზაცია ბოლომდე ვერ დაბლოკავს და ვერ გააკონტროლებს. ხიფათი არის სერიოზული," - აღნიშნა ინფექციონისტმა დავით ნანობაშვილმა.