საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებით არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის (ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულება) მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.
შესაბამისად, საქართველოდან გერმანიაში ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა - აღნიშნულის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2020 წლის 15 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრის თემატური გაგრძელება იყო.
"გუშინ, მინისტრმა ზალკალიანმა სატელეფონო ზარი განახორციელა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასთან. მოხარული ვარ, რომ მინისტრებს შორის გაიმართა კარგი საუბარი საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენების და არსებული და ყველასათვის ცნობილი დეზინფორმაციის კუთხით. მათ ასევე განიხილეს მოგზაურობის მხრივ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ორივე სახელმწიფოს მთავრობამ დააწესა COVID-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მოხარული ვარ, რომ დღეს შედგა ჩემი შეხვედრა მინისტრ ზალკალიანთან, რათა განგვეხილა გუშინდელი სატელეფონო საუბარი და ოფიციალურად გაგვეცხადებინა, რომ გერმანია ასრულებს საკარანტინო მოთხოვნებს საქართველოდან მომავალი მგზავრებისთვის.
ეს, ბუნებრივია, ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას. ჯერ ისევ ძალაში რჩება ევროკავშირის აკრძალვა შემოსვლაზე, თუმცა საქართველოსა და ევროკავშირში არსებული პოზიტიური განვითარებების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები უახლოესი კვირების განმავლობაში გადაიჭრება,"-აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.
აღინიშნა, რომ არაევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ ეტაპზე, კვლავაც არ არის გახსნილი საზღვრები ტურისტული მიზნით მოგზაურობისათვის. მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება. ამასთან, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებით ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში არსებული ეპიდემილოგიური ვითარება მისცემს მათ საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი.