დამწვარი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან ასობით დაზარალებული მოვაჭრე მივიდა. "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში ჩანს, რა მდგომარეობაშია ფერფლად ქცეული სავაჭრო სივრცე. დამწვარია ყველაფერი, გარდა შენობის ჩონჩხისა. განადგურდა 4000 კვადრატული მეტრის ფართი და დაზარალდა ასობით მოვაჭრე. მათ საკუთარი დახლების ნახვის მოთხოვნით დილიდან ტერიტორიაზე შეჭრა, მოგვიანებით კი გზის გადაკეტვაც სცადეს.
ბაზრის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს საკუთარი დახლებისა და მაღაზიების გარემონტებაც მოსთხოვა, სამუშაოების პარალელურად კი ბაზარი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებდა. სწორედ სამუშაოები სახელდება ხანძრის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად. დაზარალებულების ნაწილი ყვება, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც არ გამორიცხავს, რომ სავაჭრო სივრცე სპეციალურად დაეწვათ.
მოვაჭრეებს პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონიათ. ამბობენ, რომ ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს მომსახურება რთული მისაღებია. დაზარალებულების უმრავლესობას აქვს კრედიტი და სოლიდური ვალი.
მოვაჭრეები ინდივიდუალური დაზღვევით არ სარგებლობდნენ, თუმცა ბაზარი დაზღვეული ჰქონდა ადმინისტრაციას. სადაზღვევო კომპანია ზარალს სწორედ ბაზრის წარმომადგენლობას აუნაზღაურებს, ადმინისტრაციამ კი თავად უნდა გადაწყვიტოს, დაეხმარება თუ არა დაზარალებულ მოვაჭრეებს.
ბაზრის ადმინისტრაციამ დღის განმავლობაში მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. დირექციას შეხვედრა არც მოიჯარეებთან ჰქონია. შპს "ვარკეთილი-96-ს" 8 მოწილე ჰყავდა, ერთ-ერთი - ნუგზარ კახიძე, 2018 წლის 21 მარტს საკუთარ სახლში მოკლეს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე მიმდინარეობს სასამართლო დავა წილებთან დაკავშირებით, ამასთან, ყადაღა ადევს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს.
ხანძარი ვარკეთილის შერეული ბაზრის ტერიტორიაზე გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მთავარ საფრთხეს ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური წარმოადგენდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს.
დაიწვა 4 000 კვადრატი. ახლა კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ გაირკვეს, როგორ გაჩნდა ცეცხლი.