საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა "ღამის კურიერის" კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა 26 ნოემბრის ღამით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ცივი წყლის ჭავლით ლეგიტიმური, უპასუხა, რომ პოლიცია კანონის მიხედვით მოქმედებდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აქცია კანონსაწინააღმდეგო ხასიათს იღებდა.
"ნოემბრის აქციებს რაც შეეხება, პოლიცია ნაბიჯ-ნაბიჯ იცავდა კანონის მოთხოვნებს, რაც გვაქვს დღევანდელი საკანონმდებლო რეგულაციები. დილის 5 საათზე ცივი წყალის გამოყენებას რა მოვლენები უძღოდა წინ, ძალიან მნიშვნელოვანია. კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ არის სწორი ერთი კონკრეტული ქმედების შეფასება და მნიშვნელოვანია ის პრეისტორია განვიხილოთ, რაც წინ უძღოდა პოლიციის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენებას.
რეალურად, აქცია დაიწყო 14 ნოემბერს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. ჩვენ ვხედავდით, როგორ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საჭიროება არ არსებობდა, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, გარდა ამისა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება, რაც აფერხებდა პარლამენტის გამართულ მუშაობას. მესმის, რომ შეიძლება სხვა შეფასება ჰქონდეს სახალხო დამცველს, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, კანონმდებლობით რა არის გათვალისწინებული და პოლიცია რა მიმართულებას იყენებდა. ის პოზიტიური თმენის ვალდებულება, რაც, ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტებით სახელმწიფოს გააჩნია, გულისხმობს იმას, რომ მშვიდობიანი შეკრების ჩატარება უნდა უზრუნველყოს და ეს უფლება იქამდეა რეალიზებული, სანამ სხვისი უფლებები არ იქნება დარღვეული და მშვიდობიანი შეკრება არ მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს,"-განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.