18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
"უკანასკნელი ლარი აქ ჩამეწვა... კალაძემ იკადროს და აქ მოვიდეს" - ხმაური ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიაზე

ხმაური იყო ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიაზე - დაზარალებული მოვაჭრეები შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვენ.

დღეს ისინი ისევ შეიკრიბნენ ობიექტზე და მოითხოვეს შეხვედრა შესაბამის პირებთან. უკვე ცნობილია, რომ ბაზრის შენობა დაზღვეული არ იყო. ამიტომ სადაზღვევო კომპანია ამბობს, ზარალს მხოლოდ მოვაჭრეებს აუნაზღაურებს.

როგორც დაზარალებული მოვაჭრეები აცხადებენ, მათ მხოლოდ გადმოცემით იციან იმის შესახებ, რომ სადაზღვეო კომპანია, იმ შემთხვევაში თუკი ისინი ვერ დაადასტურებენ დოკუმენტარულად მათ ზარალს, აუნაზღაურებენ თითო კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 500 ლარს, რაც მათი თქმით, არაადეკვატური ანაზღაურებაა, რადგან თითოეულ მათგანს აქვს მინიმუმ 15 000-ლარიანი ზარალი.

"მოვიდეს ქალაქის მერი, მობრძანდეს, დაგველაპარაკოს, დაეხმაროს დირექციას,"- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

"მთავრობისგან რა გინდაო... ჩემი ქვეყნის მთავრობა ეგ არის. ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, რომ მეუბნებიან არ წახვიდე და შენს ქვეყანაში დარჩიო, მე უკანასკნელი ლარი აქ ჩამეწვა. ბატონმა კალაძემ იკადროს და აქ მოვიდეს თავის მთავრობასთან ერთად, თორემ ფეხით წავალთ იქ. 10-10 კაციანი ჯგუფი კი არა 500 კაცი მერიასთან დავდგებით," - აღნიშნა დაზარალებულმა მოვაჭრემ.

თავის მხრივ, სამგორის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ სადაზღვეო კომპანია ინდივიდუალურად შეხვდება მოვაჭრეებს და პოლისებს შესთავაზებს.

"როდესაც ექნება სადაზღვეო კომპანიას დასკვნა ხანძრის შესახებ, ინდივიდულაურად ყველას შეხვდება და შესთავაზებს სადაზღვეო პოლისს. მზად არის მერის მოადგილეც ილია ელოშვილიც რომ შეხვდეს მათ. ადმინისტრაციაც მზად არის, რომ მოაწყოს უკან გადარჩენილ ტერიტორიაზე  დახლები და გადასახადების გარეშე მისცეს საშუალება მათ რომ გააგრძელონ თავიანი საქმიანობა," - განაცხადა თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ.

ხანძარი ვარკეთილის შერეული ბაზრის ტერიტორიაზე 16 ივნისს გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მთავარ საფრთხეს ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური წარმოადგენდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს.

დაიწვა 4 000 კვადრატი. ახლა კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ გაირკვეს, როგორ გაჩნდა ცეცხლი.

დღის ამბები