ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ COVID–19-ის შესახებ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, პანდემიის მეორე ტალღის დროს ყველაზე მეტად ის ქვეყნები დაზარალდნენ, რომლებმაც პირველ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწიეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ვირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურად უფრო მეტად ინფორმირებულები ვხდებით და ამით ვუახლოვდებით მისგან განკურნებას.
"როდის იქნება მეორე ტალღა, არავინ იცის. ვხედავთ ქვეყნებს, სადაც კარგად იმართება მდგომარეობა და შემთხვევები დაბლა მიდის. შევზღუდოთ კონტაქტი, გამოვიყენოთ პირბადეები და დეზინფექტორები. შედეგები დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა მსოფლიო ახლა. უნდა ვიყოთ იმედიანად, მაგრამ უარესისთვის მოვემზადოთ," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ვითარებას, რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 790 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 561 091-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 182 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 829 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 34 063-მდე გაიზარდა, ქვეყანაში COVID-19-ს ბოლო 24 საათში კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 966-ს მიაღწია. რაც შეეხება სომხეთს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში, ქვეყანაში პანდემიას 309 ადამიანი ემსხვერპლა.