18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
20-21 ივნისის მოვლენები - ოპოზიციისა და "ოცნების" განსხვავებული შეფასებები აქციის დაშლიდან ერთი წლის შემდეგ

ქართველმა პოლიტიკოსებმა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები შეაფასეს. ოპოზიცია კვლავაც მიიჩნევს, რომ აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა.

"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ საკითხი სათანადოდ არ გამოძიებულა და არც დამნაშავეები დასჯილან.

"მათი მოგონილი, მითიური, პოლიტიკური ვერსია თითქოს პარლამენტზე შეტევის. სინამდვილეში, მნიშვნელოვნად მოხდა ძალის გადაჭარბება, ამას სჭირდება სათანადო გამოძიება და როგორც უშუალოდ შემსრულებელი პოლიციელების, ისე ბრძანების გამცემი თანამდებობის პირების დასჯა,"-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმის გარკვევას, თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება. 

"დღემდე გაურკვეველია, თუ ვინ გასცა დარბევის ბრძანება და საერთოდ, სამართლებრივად რამდენად კანონიერად ჩატარდა, ამაზეც კი არ არის ზუსტი პასუხი. ისევე, როგორც არ დასჯილა ამ პროცესის არცერთი კონკრეტული მონაწილე,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს. მდინარაძის განცხადებით, აქციის დაშლა უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული.

"იყო შტურმი საქართველოს პარლამენტზე ორი საათის განმავლობაში. ამ ფონზე გადაწყდა, რომ ამ იერიშზე პასუხი ყოფილიყო იმისათვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ იყო უკიდურესი აუცილებლობა და მოგერიება იყო საჭირო. კონკრეტულმა პირებმა თუ გადაამეტეს, და ჩანს კიდეც, რომ იყო ასეთი ფაქტები, ამასთან დაკავშირებით პასუხისგებაში არიან მიცემულნი,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ. რუსმა დეპუტატმა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია  რუსულ ენაზე წაიყვანა.

აქციის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალის გამოყენებით დაშლა მოჰყვა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი აირი და სპეცრაზმი. 

აქციის დაშლისას დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, დააკავეს ათობით მონაწილე. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქციიდან კლინიკებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი გადაიყვანეს.

დღის ამბები