ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სიონის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა: მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.
მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რასაც ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივყავართ.
საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გამოიჩინონ სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის გააქტიურების დროს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ტურისტულ სეზონზე დატვირთულია, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს.
ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.