სოციალური აგენტები ისევ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გამართული შეხვედრის დროს მხარეები კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ, ცვლილებების ძალაში შესვლის ზუსტი დრო უცნობია. სოციალური აგენტები ისევ შეხვედრას ითხოვენ, ამჯერად უკვე იურისტთან ერთად, რომელიც თანამშრომელთა უფლებებს სამართლებრივად დაიცავს.
"დღეს ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ მათი მხრიდან იყო გარკვეული შემოთავაზება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას, რომ დღეს მომხდარიყო შეხვედრა. ჩვენ მოვედით და მზად ვართ, რომ შევხვდეთ, ვისაც ამის სურვილი ექნება. თუ შეხვედრაზე კვლავ უარს გვეტყვიან უკანონოდ პროფკავშირის წარმომადგენლებს და თავად დასაქმებულებს, მაშინ ჩვენ უკვე მივმართავთ ოფიციალური წერილით როგორც სამინისტროს, ასევე სააგენტოს და უკვე დავაანონსებთ გაფიცვას 3 დღის ვადაში, ვინაიდან კანონი გვაძლევს ამის საშუალებას," – განაცხადა იურისტმა დავით ომსარაშვილმა.
დღეისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია აღარ უნდა გამართულიყო იმიტომ, რომ როგორ წინა კვირაში დაანონსდა - შედგა შეხვედრა, რომელსაც ისინი ითხოვდნენ, თუმცა როგორც დღეს ირკვევა, შეხვედრას სოციალური აგენტების იურისტი არ დაესწრო და სწორედ ამ მოთხოვნით იკრიბებიან დღეს ისინი უწყებასთან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მუშა ჯგუფში, რომელთანაც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები მათი იურისტიც იყოს ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ პროტესტი კვლავ ძალაში რჩება.
"პირველი მოთხოვნა არის ის, რომ იმ მუშა ჯგუფში, რომელსაც თვითონ გვთავაზობენ და ჩვენ გუშინ დავასახელეთ 9 სოციალური აგენტი და უფროსი სოციალური აგენტები შევდივართ ამ მუშა ჯგუფში, რომლებმაც უნდა იმუშაონ შემდგომ ეტაპებზე. აუცილებლად უნდა დაესწროს ჩვენი მხრიდან იურისტი. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მათაც დაასწრონ იურისტი იმიტომ, რომ როცა საკითხის განხილვა წავა იურიდიულ ჭრილში აუცილებელია, რომ ესწრებოდნენ იურისტები," – აცხადებს სოციალური აგენტი გია მეჩიტაშვილი.
სოცაგენტებს რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის უწყებაში მინისტრის მოადგილემ და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხეს. მათი განცხადებით, შეხვედრა, რომელსაც აგენტები ითხოვდნენ შედგა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების დაპირებაც გაიცა. რაც შეეხება მუშა ჯგუფში იურისტის ჩართულობას, გიორგი წოწკოლაური აცხადებს, რომ მისი სურვილია, მუშა ჯგუფში გარეშე პირები არ იყვნენ ჩართული.
"წმინდა სახის სამსახურეობრივი შეხვედრა იყო, რომელზედაც, რა თქმა უნდა, გარეშე პირის დასწრება არ იყო რეკომენდებული და შესაბამისად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს პროცესი არის ანგაჟირებული, გამომდინარე იქიდან, რომ მე პირადად მაქვს ძალიან ხშირი და ამ დილასაც მქონდა კომუნიკაცია რეგიონში და თბილისში მომუშავე სოცაგენტებთან. არ არის აქ საუბარი ერთიან მიდგომაზე, ჩვენ ვმუშაობთ, ვსაუბრობთ და ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს," - აცხადებს გიორგი წოწკოლაური.