გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის უფლებადამცველი გიორგი გელხაური "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მოწმის ოთხი ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ადვოკატის თქმით, მსგავსი შემთხვევის დროს ჩვენებები ანულირდება და ჩვენების ვარგისიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
"ჩვენ არ ვეთანხმებით დასაწყისშივე იმ ბრალს, რომელი ბრალიც წაუყენეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებია, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი მსგავსი არ ჩაუდენია, რაც ბრალდებაშია.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ ღამით აგარაკზე იყო, თუმცა არა ადასტურებს, რომ რაიმე სახის კონფლიქტში მონაწილეობდა. მსგავს ჩვენებას არცერთი მოწმე არ აძლევს და არ ამბობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტში მონაწილეობდა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აგარაკზე მეგობარს ახლდა, პირველი კონფლიქტის შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება მისი მეგობარი და მოჰყავს თბილისში. ისინი საუბრობენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მთელი გზა მანქანაში ეძინა. უკან კი გაბრუნდნენ იმიტომ, რომ იქ მანქანა ყავდათ დატოვებული და მის წამოსაყვანად.
რაც შეეხება დევნას, მათ ავტობანზე გააჩერეს მანქანა და დაინახეს, რომ უცხო პირები გარბოდნენ. ესენი ეძახდნენ, რომ არ შეშინებოდათ. სწორედ ამ დევნის დროს დაინახეს ამირხანაშვილი, რომელიც იმალებოდა ბუჩქებში.
ამირხანაშვილი წერს, რომ მას შეეშინდა და ამიტომ გაიქცა. ამირხანაშვილისთვის ფიზიკური ზიანი არავის მიუყენებია. ერთადერთი, მისდევდნენ და უყვიროდნენ, რომ არ შეგეშინდესო.
ამირხანაშვილის მეორე ჩვენება იცვლება და წერს, რომ თავისი ნებით გაყვა "ტოიტა ქამრის" მგზავრებს, მესამე ჩვენებაში წერს, რომ ის იჯდა მანქანის უკანა სავარძელზე და შეეძლო კარის გაღება და გადასვლა, თუმცა მას ეს არ უცდია. ხოლო მეოთხე ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ ის ჩამოიყვანეს თბილისში და დატოვეს "დიდუბის" მეტროსთან.
ამირხანაშვილის აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებიდან რომელს უნდა დავუჯეროთ? ასეთ შემთხვევაში კანონმდებელი წერს შემდეგ რამეს - თუ ჩვენებები მსგავსად ურთიერთგამომრიცხავია ისინი ანულირდება,"- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.