18 ივნისის ღამის ერთ-ერთი დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის უფლებადამცველმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღის წვეულებაზე გაიცნო.
ადვოკატ მზია ქასრაშვილის თქმითვე, ვახო ახვლედიანი მომხდარის შემდეგ მძიმე სტრესის ქვეშ იმყოფება და მას ფსიქოლოგთან კონსულტაციები სჭირდება.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან განიცდის და ვერ გრძნობს თავს კარგად. მას ძალიან კარგი ფსიქოლოგი სჭირდება, რომ დალაგდეს და დამშვიდდეს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღეზე გაიცნო და საკმაოდ დადებითად ახასიათებს," - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, როდესაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი, თავად ვახო ახვლედიანი და კიდევ ერთი ბიჭი, გურო, რომელიც გამოძიების ოქროს მოწმეა, უცნობი პირების მხრიდან თავდასხმის შიშით ხიდიდან არაგვის პირისკენ, სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ, ახვლედიანს შაქარაშვილი აღარ დაუნახავს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თვალთახედვის არედან გიორგი დაკარგა და არ იცოდა სად იყო, რომ მიშველებოდა. კონფლიქტის შემდეგ, როდესაც გამოიქცნენ და ყველა სხვადასხვა გზით გაიქცა, ვახო ახვლედიანმა დაურეკა თავის მეგობრებს ლისზე და იქიდან გაუგზავნეს ტაქსი, ამის შემდეგ დაბრუნდა თბილისში,"- განაცხადა ტრაგიკულ ღამეს დაზარაბულ ვახო ახვლედიანის ადვოკატმა მზია ქასრაშვილმა.