19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალებია, რომელიც სხეულში აღმოჩენილ ჰემატომას უკავშირდება. ექსპერტიზამ დაღუპულის სხეულში აღმოაჩინა ჰემატომა, შინაგანი დაზიანება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, უნდა იყოს სხეულის დაზიანება გარკვეული სიძლიერით.
დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა, რომ ეს ჰემატომა შეუძლებელია გამოწვეულიყო მუშტის ერთჯერადი დარტყმით, თუმცა, შესაძლებელია, განვითარებულიყო დაგორებითაც. ექსპერტი აღნიშნავს, რომ კატეგორიული დასკვნების გაკეთების საშუალება ლაბორატორიული გამოკვლევების და საერთო მონაცემების შეჯერების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"ვადასტურებ, რომ საქმე გვაქვს სხეულის ბლაგვ ტრავმასთან. გარეგნულად მრავლობით სისხლნაჟღენთებთან და, ამავდროულად, შინაგანი გამოკვლევით სისხლჩაქცევასთან, ანუ ჰემატომასთან. სად არის ეს ჰემატომა, რა ზომებისაა, რა სიმძიმის ნიშნებს ატარებს - ეს უკვე კონკრეტიზაციაა და, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი სხვა მოტეხილობები, ყურის მოცილება, მოჭრა და ქალა-სარქველის ძვლების მოტეხილობა გვამის გამოკვლევით ნანახი არ იქნა. მიმდინარეობს არაერთი ლაბორატორიული კვლევა არაერთი მიმართულებით. ეს პასუხები, იმ მონაცემებთან ერთად, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ერთობლივი ანალიზის ფორმატში მოგვცემს კატეგორიული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.
ცალსახად ვადასტურებ, რომ ჰემატომა ქალას ღრუში, ანუ თავის ტვინში მას არ აღენიშნებოდა. შინაგანი გამოკვლევით, უფრო გულ-მკერდის და მუცლის ღრუებზეა საუბარი.
ერთადერთს მოგახსენებთ, რომ შეუძლებელია ეს ჰემატომა, მისი ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულიყო ერთჯერადი მუშტის დარტყმით. მის განვითარებას სჭირდება საკმაო ძალა, მუშტზე უფრო ძლიერი ზემოქმედების მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედება. ეს შეიძლება განვითარდეს მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ან, შესაძლებელია, დაგორებითაც,"- განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.