18 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - სუს-ის ინფორმაციით, გახელაძე ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება

ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის აღდგენას ითხოვს - ეს მოთხოვნა დადგა მას შემდეგ, რაც უკვე მესამე დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საოკუპაციო ხაზთან, რომ გაათავისუფლონ უკანონოდ დატყვევებული საქართველოს მოქალაქე.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შეხვედრა შედგება, ოფიციალური თბილისი აპირებს, მწვავედ დააყენოს საოკუპაციო ხაზთან სროლისა და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან, საქართველოს მოქალაქის გატაცება. დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პრემიერ მინისტრის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ გატაცებულის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე გახელაძეების ოჯახში იმყოფებოდა და მათ ინფორმაცია მიაწოდა გატაცებულის მდგომარეობის შესახებ.

"მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად იგი იმყოფება ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში. ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტი მთელი სიმწვავით დადგება,"- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებში.

"ეს არის მიმართულება, სადაც მაქსიმალურს ვაკეთებთ. საერთაშორისო მეგობრების დახმარებით ეს პრობლემები მოგვარდება და ოკუპაციაც დასრულდება, ჩვენ ყველა ამის მომსწრე ვიქნებით,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ზაზა გახელაძე, სოკოს საკრეფად იმყოფებოდა, როდესაც ოკუპანტებმა ჯერ ფეხში დაჭრეს, ხოლო შემდეგ გაიტაცეს. 

ზაზა გახელაძე უკვე მესამე დღეა, რაც ტყვეობაში იმყოფება.

დღის ამბები