გიორგი გახარია, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში მას შემდეგ, რაც უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, ნინო წილოსანს COVID-19 დაუდასტურდა.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მან ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.
"ქალბატონ წილოსანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, ის თავის ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას ჩვენ, მეც მათ შორის, და ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს, ეკეთა პირბადე, მათ შორის, ქალბატონ წილოსანსაც. შესაბამისად, ლოგიკურია ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა, როდესაც დასავლეთიდან დავბრუნდი და დღესაც, მე მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე და ეს ტესტი არის უარყოფითი. თქვენ რა გინდათ, როდესაც მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ იდეა შემომთავაზოთ რაიმე?“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.