17 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორ ელჩებს​ დღეს მოთხოვნების ​მოდიფიცირებულ ვერსიას გააცნობენ

ოპოზიციის ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გააგრძელებენ. როგორც თავად აცხადებენ, ისინი შეჯერდნენ ერთ პოზიციაზე და საკუთარ მოთხოვნებს ფასილიტატორებს გააცნობენ. ოპოზიციაში იმედს გამოთქვამენ, რომ ეს შეხვედრა მოლაპარაკებების მესამე რაუნდს და ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დააჩქარებს.

"გარკვეულწილად მოდიფიცირებაა მოთხოვნებში, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, გვაქვს ისევ ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, ახალი ადმინისტრირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა დონეზე, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია დიპლომატებთან შეხვედრაზე ერთიანი პოზიციით წარსდგება.

"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ან ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს ხელახალ არჩევნებამდე," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგება და საუბარი ოპოზიციის სამომავლო ნაბიჯებს შეეხება.

"პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დღეს ოპოზიცია თავის შეჯერებულ მოსაზრებას დიპლომატებს გააცნობს, შემდგომშ კი იქნება ელჩების კონსულტაცია "ქართულ ოცნებასთან", რის შემდეგაც უნდა შედგეს ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის მესამე რაუნდი.

"რიგგარეშე არჩევნები არის მთავარი, წესიერი არჩევნების წესები და საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება არის უცვლელი," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა მოთხოვნებზე საუბრისას.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ოპოზიციას უკვე აქვს შეჯერებული და გაწერილი თავისი მოთხოვნები.

"გამოვიყენებთ ელჩებს, მედიატორებს, რომ როგორღაც შედგეს ეს ე.წ მესამე რაუნდი უკვე გაწერილი მოთხოვნებით და გეგმით ოპოზიციის მხრიდან," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

"გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მესამე ტურზე უნდა გახდეს ცხადი, საბოლოოდ რა პოზიციით და შეთავაზებით მოდის ხელისუფლება მოლაპარაკებაზე.

დღის ამბები