თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჟენევაში დღეს საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები იკრიბებიან.
51-ე რაუნდზე ქართული მხარე აპირებს დააყენოს რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უკანონო და პროვოკაციული ქმედებების საკითხი, რაც პანდემიის ფონზე განსაკუთრებით გამწვავდა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
საქართველოს დელეგაცია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებზე ყურადღებას გაამახვილებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს.
ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა იქნება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო განაჩენი სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯა.