17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
როგორც კი ოპოზიციის 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს, "გირჩის" დეპუტატები დავტოვებთ პარლამენტს - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, პარლამენტს "გირჩის" დეპუტატებიც დატოვებენ. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" განცხადებამ ენმ-ს აკრძალვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. 

"მას მერე, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ის განცხადება, რომლითაც, ფაქტობრივად, ყველაზე დიდ პარტიაზე თქვა, რომ ავკრძალავო, ამან მნიშვნელოვნად შეცვალა კლიმატი და დამოკიდებულება, მათ შორის, მოლაპარაკებების მიმართ. დღეს არის ისეთი სიტუაცია, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს. თუ საერთოდ არ გაგრძელდება, ოპოზიციის სცენარი მიდის ბოიკოტისკენ და "გირჩის" პოზიცია არის შემდეგი - როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს, "გირჩის", დიდი ალბათობით, ოთხივე, მაგრამ, მინიმუმ, სამი დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ,"-განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი პარტია მოლაპარაკების მაგიდასთან რჩება. 

"ჩვენ ვრჩებით მოლაპარაკების მაგიდასთან არა იმიტომ, რომ მოგვწონს მეორე მხარე, ვისაც ველაპარაკებით, არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ "ქართული ოცნება" კეთილგონიერების რესურსს აღმოაჩენს საკუთარ თავში, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, მივცეთ შანსი იმისა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი იქნეს დაძლეული და ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი წინ და პოლიტიკურ ჩიხში შესული ქვეყანა წინ ნაბიჯს ვერ გადადგამს,"-განაცხადა მან.

დღის ამბები