ოპოზიცია და უმრავლესობა დიალოგის მეხუთე რაუნდის მოლოდინშია. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ, რომლის სიტყვებშიც ამჯერად უფრო მეტი კონკრეტიკა იყო და რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკური სტატუს კვო უახლოეს თვეებში შეიცვლება, პარტიები საკუთარ პოზიციებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერად ირწმუნება, რომ ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას მიიღებს. ის ოპოზიციას ისევ ორად ყოფს, რადიკალური ნაწილი და ადამიანები, რომლებიც მისი სიტყვებით, პატივს სცემენ მხარდამჭერების არჩევანს და სახელმწიფოს ინტერესებს.
ბარიერგადალახული პარტიების პასუხში კი ისევ ისმოდა აზრთა სხვადასხვაობა იმ თემებზე, რაზეც მათი აზრით, შეთანხმება უნდა მოხდეს. პარტიების ლიდერთა ნაწილი შეთანხმების საფუძველზე საკანონმდებლო საქმიანობის დაწყებას არ გამორიცხავს.
პარლამენტის სპიკერის ოპტიმიზმის მიზეზს ვერ ხედავენ ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილში. პოლიტიკოსები კომპრომისული შეთანხმების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. თუმცა ამბობენ, რომ შეთანხმების პოლიტიკური საფასური ოცნებამ ვადამდელი არჩევნების დანიშვნით უნდა გადაიხადოს.
ოპოზიციის განცხადებებს დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" წევრების აზრით, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო არგუმენტი დაკარგა, რაც მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აღარ აყენებს. შესაბამისად, ოცნებაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო საქმიანობის დაწყება პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალებისთვის ელექტორატის მიერ დაკისრებული ვალდებულებაა.
მოხდება თუ არა კომპრომისული შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შემდეგ გახდება ცნობილი.