პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის წევრებს შესთავაზა, პრემიერის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება ფასების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დღესვე გაიწეროს ბიუჯეტში.
"ტარიფების ზრდასთან დაკავშირებული ფაქტი, ყველამ კარგად იცის რომ სიურპრიზი არ ყოფილა. 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ იყო გადახედილი და გასაგები იყო, რომ მარეგულირებელს რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა. ამ მოლოდინიდან გამომდინარე, გარკვეული გადაწყვეტილების პროექტიც არსებობს. მე გთავაზობთ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც პრემიერმა გამოცხადა, დღესვე იყოს ასახული იმ დოკუმენტში, რომელსაც დღეს უნდა ვუყაროთ კენჭი, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს გარანტია - სუბსიდირება, რომელიც დაანონსდა იყოს გარანტირებული," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
დღეს პარლამენტმა ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. რიგგარეშე სხდომა სამი საათია მიმდინარეობს. მიმდინარე წელთან შედარებით 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების მოცულობა თითქმის 222 მილიონი ლარით არის გაზრდილი - აქედან მესამედი პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისისთვის არის გათვალისწინებული. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, თუმცა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი გამოწვევებს პასუხობს.