17 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
არც ერთი ზედმეტი თეთრი არაა გათვალისწინებული - დავით ნარმანიას თქმით, ტარიფების გაზრდის გარეშე ელექტროენერგიის და წყლის კომპანიები ოპერირებას ვერ შეძლებდნენ

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა აუცილებლობით იყო გამოწვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიები სრულყოფილ მუშაობას ვერ შეძლებდნენ და ვერც ქსელში მომხდარ ავარიებზე იქნებოდა სათანადო რეაგირება. ამის შესახებ დავით ნარმანიამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"საზოგადოება, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გაცილებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებშიც კი, ტარიფების ზრდაზე რეაგირებს უკუპროპორციულად, ანუ განწყობები მკვეთრად უარყოფითია. თუმცა, საკითხს მეორე მხარეც აქვს, ერთია განწყობები და მეორეა სექტორის გამართულ მუშაობასთან დაკაშირებული საკითხები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, სწორედ ამიტომაა, რომ მარეგულირებელი კომისია აკეთებს არჩევანს, ანუ გაივლის შუაში, სადაც ერთ მხარეს არის მომხმარებლები, მეორე მხარეს მიმწოდებლები. თუ ადეკვატური ტარიფი არ იქნება დადგენილი მარეგულირებელი კომისიის მხრიდან, ენერგოკომპანიებს გაუჭირდებათ ენერგიის შეძენა და მისი ხარისხიანად და უსაფრთხოდ მომხმარებლამდე მიტანა, რაც იგივე მომხმარებლების კმაყოფილებაზე აისახება და შემდეგ გაჩნდება ასე ვთქვათ ნეგატიური დამოკიდებულება, რომ არ მუშაობს სათანადოდ არც სახელმწიფო და არც კომპანიები, ეს ყველაფერი რომ თავიდან ავირიდოთ, შევამციროთ ავარიები და რაც შეიძლება ხარისხიანი ენერგია მივიტანოთ მომხმარებელთან, ამას ემსახურება ტარიფების ეტაპობრივი გადახედვა," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს იგივე არგუმენტი მოჰყავს წყლის ტარიფის გაზრდის მიზეზადაც:

"საქართველოს აქვს წყლის რესურსი, თუმცა წყალს სჭირდება დამუშავება და მოსახლეობამდე მიტანა. ამ ყველაფერს სჭირდება ხარჯები, ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად ვსწავლობთ, არცერთი ზედმეტი თეთრი არაა მათ ტარიფში გათვალისწინებული. მარეგულირებელი კომპანია არ ითვალისწინებს, წარმომადგენლობით ხარჯებს, ხელფასებს, დამატებით ხარჯებს, 33 თეთრი იყო 1 კუბურ მეტრზე და გახდა 50 თეთრი, ამით დედაქალაქი რეგიონებს გაუთანაბრდა , კომპანია შეძლებს ნორმალურად ოპერირებას და მიხედავს ქსელზე მომხდარ ავარიებს. რომ არ გაგვეზარდა კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებდა, იქნებოდა დაგვიანებული რეაგირება ავარიებზე, ვერ ჩადებდა ინვესტიციებს," - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები