საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ერთი კომპონენტი 6 თვის ვადით არის დადგენილი და მისი უფრო გრძელვადიანად დამტკიცება ზაფხულში მას შემდეგ მოხდება, რაც ენერგოკომპანიებთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდება:
""თელასი" და "ენერგო პრო" ორ-ორ ნაწილად უნდა გაიყოს. ისინი დარჩებიან ქსელის მფლობელ კომპანიებად, ხოლო მიწოდების ნაწილში მთავრობამ, შესაძლოა, მათ ან სხვა კომპანიას დააკისროს ეს ვალდებულება. ამიტომ, ტარიფის მეორე კომპონენტი, რასაც ჰქვია ენერგიის კომპონენტი, ჩვენ ამ ეტაპზე, დავადგინეთ 6 თვით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიმწოდებელი კომპანიები დასახელდებიან და მათ მიეცემათ მარეგულირებელი კომისიის მიერ ლიცენზია, ჩვენ პატარა გადამტკიცება მოგვიწევს ზაფხულში. 6 თვიანი სამომხმარებლო ტარიფი მივიღეთ, მაგრამ ქსელური კომპონენტი 5 წელზე მივიღეთ და ზაფხულის შემდეგ, ეს შემდგომ პერიოდზეც გადავრცელდება," - განაცხადა დავით ნარმანიამ "დღის კურიერის" ეთერში.