"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე საარჩევნო მიმართულებით ბევრი რამ შეიცვლება, რადგან მოლაპარაკების პროცესში რიგ საკითხებში პოზიციები დაახლოვდა.
გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მათ ამ პროცესის ბოიკოტირებაც მოუწიოთ.
"მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ როგორც მინიმუმ, საარჩევნო მიმართულებით ბევრი რამ შეიცვლება შემდგომ არჩევნებამდე. ამ მოლაპარაკებებში, ჩემი აზრით, ერთი კარგი, რაც გავაკეთეთ, ის საკითხები, რომელიც შეეხება საარჩევნო რეფორმას, დეტალურად გავიარეთ და პოზიციების თანხვედრა მოხდა. ეს არის ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, კომისიების პარიტეტულად დაკომპლექტება, პროცედურების შეცვლა, რომელიც უფრო გამჭვირვალეს გახდის საარჩევნო პროცესს. ვფიქრობ, რომ ამ პაკეტის მიღება მაინც მოუწევს "ქართულ ოცნებას", თუმცა არ მგონია, რომ ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც იქ ვისაუბრეთ.
თუ ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, მაინც განვიხილავთ, მიზეზი ისაა, რომ არ შევეშვებით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და არჩევნები დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სრულიად არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, ამაზე არ გვიმსჯელია, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა, რომ სრული ბოიკოტი გამოვუცხადოთ თვითმმართველობის არჩევნებს,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.