შესაძლოა თუ არა ოპოზიციაში მიმდინარე ცვლილებებმა ახალი ალიანსის შექმნას, მესამე ძალის გაჩენას შეუწყოს ხელი. ამასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" წლის შემაჯამებელ გადაცემაში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ის ვერ ხედავს საჭიროებას, რომ გირჩი ვინმესთან ალიანსში შევიდეს და არც მასთან ყოფილა მსგავსი შეთავაზებები.
"მე არ მგონია რომ "გირჩს" რამე საჭიროება ჰქონდეს ახლა, რომ ვინმესთან ალიანსში შევიდეს, "გირჩმა" აჩვენა, რომ ის არის მზარდი პოლიტიკური ძალა და მას თავისი გზა აქვს. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ახლა რაღაც ალიანსებზე და ერთიან საარჩევნო ბლოკებზე საუბარი "გირჩისთვის" უშინაარსოა, ამ წუთში ასეთი პოზიცია მაქვს, მაგრამ ზოგადად გადაწყვეტილებებს მე არ მივიღებ, ამას მიიღებენ "გირჩის" მხარდამჭერები," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა გირჩი მიიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
"რთული საკითხია, ბევრი რამე იქნება იმაზე დამოკიდებული, როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, ერთი არის, რომ თუ ბოიკოტის რეჟიმში არის ოპოზიცია, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება პარლამენტს უცხადებდე ბოიკოტს და თუ ყველაფერი იგივე დარჩა, ამ პირობებში ახალ არჩევნებში, იგივე თამაშში შედიოდე, რა თამაშშიც მოგატყუეს და გადაგაგდეს, ერთი ამბავი ეს არის. რთული გადასაწყვეტია, დამოკიდებული იქნება მოხდება თუ არა შეთანხმება, შეიცვლება თუ არა საარჩევნო წესები, ბევრი ფაქტორებია, დღევანდელი მდგომარეობით რთულად წარმომიდგენია. "გირჩი" არის პოლიტიკური ორგანიზმი და თუ ასეთი ტიპის ბოიკოტის რეჟიმი არ იქნება და ოპოზიცია არ იქნება ერთიანი და სხვა პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, ჩემი აზრით რთული იქნება მონაწილეობაზე უარის თქმა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, "გირჩს" თბილისში თვითმმართველობის არჩევნებზე თუნდაც 5% იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება, ამასთან ზურაბ ჯაფარიძემ დააზუსტა, რომ როდესაც ის "გირჩს" ახსენებს, გულისხმობს მის მიერ დაფუძნებულ "გირჩი - მეტი თავისუფლებას".
არის თუ არა ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ხორციელდება თუ არა ოპოზიციური პარტიების ნაწილზე განსხვავებული მოსაზრების გამო ბულინგი. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამგვარია არა მარტო ოპოზიციის, არამედ მთელი ქართული პოლიტიკის კულტურა. "გირჩის" ლიდერი არც ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებას ეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" მოსაზრებებს ახმოვანებს:
"განსხვავებული აზრის მიუღებლობა არ ვიცი, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ლიდერი აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, მე კი არ მომწონს, მაგრამ მიღებულია, რომ როგორც მგლების ხროვა თავს ესხმიან ხოლმე და ძიძგნიან. ზოგადად ეგეთი კულტურაა ქართულ პოლიტიკაში, მარტო ალეკო ელისაშვილზე არაა. მე რომ წამოვედი "ნაციონალური მოძრაობიდან" მოტრიალდა ყველა ის ხალხი, ვისთანაც 2 წელი მქონდა გატარებული და ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული თვეების განმავლობაში. ჯოგიდან რომ ერთი განსხვავებულ რაღაცას გააკეთებს და მთელმა ჯოგმა რომ უნდა დაკორტნოს, რომ ჯოგის შიგნით სხვას არავის მოუნდეს იგივეს გაკეთება. სინამდვილეში რაღაცა ცხოველური ინსტიქტებია, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. გინდა ალეკოზე იყოს, გინდა ჩემზე. ელისაშვილი არ არის "ქართული ოცნების" სპიკერი, არც ხაზარაძე. ჩემი აზრით გულწრფელია ერთიც და მეორეც," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.