საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ოპონენტებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებას, ელექტრონული ტექნოლოგიების შემოღებას და ზოგადად, საარჩევნო სისტემის ცვლილებას სთავაზობს.
როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე გაცილებით მეტი წარმომადგენელი ეყოლება და პატარა პარტიებსაც ექნებათ საშუალება დააკვირდნენ პროცესს.
"9 თვეში ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვეუბნებით თითოეულ მათგანს, იმათაც, ვინც 1% აიღო, რომ ჰყავდეთ წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიებში და თვითონ დარწმუნდნენ, იქ რა ხდება და რა არა. ელექტრონული ტექნოლოგიების შემოღებას ვთავაზობთ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ვთავაზობთ და ა.შ. ამ ახალი მოცემულობით ხომ ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, რაღა პლებისციტი უნდათ. ნახონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რა შედეგები დაჯდება და მერე ილაპარაკონ რიგგარეშე არჩევნები საჭიროა თუ არა.
ჩვენ მათ ვთავაზობთ საარჩევნო ადმინისტრაციაში ფუნდამენტურ ცვლილებას. მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ფუნდამენტურად გადახედვას. აქ პრინციპული ხომ ადამიანური ფაქტორი არ არის, მთავარია, ვის რამდენი წარმომადგენელი ჰყავს. მაგალითად, ოპოზიციას თუ ჰყავდა 3 წარმომადგენელი, ეყოლება სამჯერ მეტი, პირობითად ვამბობ, შეიძლება, ორჯერ მეტი. ანუ, ბევრად მეტი საშუალება ექნება არჩევნებს უშუალოდ დააკვირდეს არა მარტო 27%-იანი პარტია, არამედ შეუძლია 1%-იანსაც, 1.5%-იანსაც და 3% -იანსაც. თვითონვე დარწმუნდებიან, რომ იქ ყველაფერი წარიმართა სუფთად და შედეგებსაც იხილავენ და მერე ისაუბრონ რიგგარეშე არჩევნებზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.