17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ოპოზიციის გადახალისებაც უნდა მოხდეს ბუნებრივად - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია არაკონსტრუქციულია, არ აქვს არგუმენტები და ცრუობს. ივანიშვილის განმარტებით, მათი სისუსტე იმაშიც გამოიხატება, რომ თემატურ კრიტიკასაც ვეღარ ახერხებენ. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გადახალისებაც უნდა მოხდეს. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"დღევანდელი ოპოზიცია რეალური ოპონენტის როლს, შესაძლოა, 1-2%-ით ასრულებს. ყვირის და აწვება და ეს არის. სხვა დანარჩენი, რომ გზების ძიებაში უკეთესი აჩვენოს და "ქართულმა ოცნებამ" თვითონაც დაიწყოს რაღაცის გადახედვა, ეს არ ხდება. დღევანდელ ოპოზიციას აკლია კონსტრუქციულობა, არ აქვს არგუმენტები და ამიტომაც მთლიანად ჩაიძირა სიცრუეში.მათ არ აქვთ იმის ნიჭი, უკეთესი გზები მოძებნონ და გადაასწრონ "ქართულ ოცნებას", ამით ქვეყნის განვითარება დაჩქარდება, მათი ნიჭია, რომ მარტო იცრუონ. თეთრზე ამბობენ, რომ შავია და არ ვარგა. ვეღარ ახერხებენ თემატურ კრიტიკას, ვერც ეკონომიკას ირჩევენ, ვერც საგარეოს. ვერც ერთი მიმართულებით, ვეღარც კორუფციაზე საუბრობენ, ვეღარც პოლიციაზე, იმიტომ, რომ ყველაფერია გაცილებით უკეთესი რაც იყო მათთვის და მათ მეტი არ იციან."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც ისაუბრა.

"აბა, ნახეთ ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის", შალიკოს ტყუპი ძმა გახდა დღეს, რასაც გინდა იმას ამბობს, აი ეს კაცი მართავდა, საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპაში და ამერიკაში. როგორ ახერხებდნენ, რომ შავი თეთრად გაეყიდათ. რა ფესვები ამოვძირკვეთ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე, არათუ სისხლის. დღეს არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევდა. ნახეთ ამ კაცის რეალური სახე დღეს, თუ არ გახდა ტყუპისცალი შალიკოსი, რომელიც არაფერს აღარ უდებს პასუხს, რასაც გინდა, იმას იტყვის. ყოველ წელწადს ასე გაუგებრად იქაჩება, რომ ჩამოვალ. გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია. უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ამ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ძალადობენ ახლაც და მე ვფიქრობ, რომ მანდაც უნდა მოხდეს გადახალისება ბუნებრივად," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები