17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები იქნება - კარგია, არ იქნება - ამაში ჩვენ ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ უბედურებას - ალეკო ელისაშვილი

ვისზეა დამოკიდებული მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდის გამართვა - მხარეები კონსულტაციების გაგრძელების პრეროგატივას ერთმანეთს აკისრებენ. ოპოზიცია თვლის, რომ პირველი ნაბიჯი მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას, თუმცა აცხადებენ იმასაც, რომ შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის მიუღებელია.

"ჩვენ მიწოდებული გვაქვს ჩვენი წინადადებები,  გარდა ამისა, მიწოდებული გვაქვს ქართული ოცნებისთვის ის სპექტრი მთლიანად, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც ასევე შესაძლებელია, რაღაც კომპრომისის სივრცეში განვიხილოთ, ამიტომ ჩვენ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადმოდგმას," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მე-5 რაუნდის დაგვიანების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ქართული ოცნება ჯერჯერობთ მზად არაა მთავარ საკითხზე შესათანხმებლად.

"დღემდე მე-5 რაუნდი არ ტარდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - "ქართული ოცნება" არ არის მზად შეთანხმდეს იმ მთავარ საკითხზე, რისთვისაც დაიწყო ბოიკოტი, რისთვისაც მოლაპარაკებები დავიწყეთ, ეს არის ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად, როდესაც ქართული ოცნება მზად იქნება ამ საკითხზე შესათანხმებლად, ოპოზიცია დაუყოვნებლივ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ოპოზიცია მუდამ მზადაა დიალოგისთვის, ამ ეტაპზე კი გამოსავალი ხელისუფლების ხელშია:

"ოპოზიცია ყოველთვის მზად არის, ვერაფრით იტყვიან ჩვენზე, რომ ჩვენ ჩავშალეთ, ან რაიმე ფორმით უგულებელვყავით დიალოგი. ალტერნატივა დიალოგს არ აქვს, ამიტომ ყოველთვის ვთანხმდებით, რომ უნდა შედგეს, მაგრამ ხსნა და გამოსავალი არის ხელისუფლების ხელში, მან უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა," - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერიც, ალეკო ელისაშვილი 4 მთავარი საკითხიდან ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტულად რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევს:

"პარტია" მოქალაქეები", ჩვენ მზად ვართ, რომ თუნდაც ხვალ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ მივიდეთ მე-5 რაუნდზე არა იმიტომ, რომ მე-6 რაუნდის თარიღზე შევთანხმდეთ, არამედ რეალურად წინ წავწიოთ ეს მოლაპარაკების პროცესი და რეალურ შეთანხმებამდე მივიდეთ. არის 4 ძალიან კონკრეტული საკითხი, იმ 4 საკითხიდან ძალიან პრიორიტეტული ეს არის - პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. რიგგარეშე არჩევნები იქნება - კარგია, არ იქნება - ამაში ჩვენ ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ უბედურებას," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ ორი დღის წინ "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციას კონსულტაციების მეხუთე რაუნდის თარიღის დასახელება მოსთხოვა.

დღის ამბები