მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" კონკრეტულ ქმედებას ოპოზიციისგან ელის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათ დაპირისპირებულ მხარეს არაერთი ინიციატივა უკვე შესთავაზეს - მათ შორის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზეც, რაზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა.
"ვეღარ არწმუნებენ ვერავის, ვეღარ საზოგადოებას, ვეღარც მხარდამჭერებს, ვერც საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ რატომ არ უნდათ ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, რომელმაც შესაძლოა დაადგინოს გადახრები და ამის შემდეგ საფუძველი შეექმნას მოთხოვნას ვადამდელი ან განმეორებითი არჩევნების.
დანიშნონ თარიღი როდესაც მზად იქნებიან ამ საკითხებზე სასაუბროდ, მათ ახალი ელექტრონული სისტემის შემოღებაზე სასაუბროდ და სხვა თემებზე, რომელიც ეხება საქართველოს სტაბილურობას," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.