ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირება ჩატარდა, რომლის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ გააკეთა.
მისი თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2020 წლის ბოლოს, პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, გასული წლის ბოლოს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება. ყველამ იცით, რომ 3 იანვარს ჩატარებული ტესიტირების შედეგად, მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 შემთხვევა გამოვლინდა, მის შემდეგ ეს PCR ტესტირება წარიმართა და მოიცვა სხვა დაწესებულებები. ახლა, განახლებული ინფორმაციის ფარგლებში, მინდა გამცნობთ, რომ 11 იანვარს ტესტირება ჩაუტარდა ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. ასეთი გვაქვს დინამიკა და ასევე გეტყვით იმას, რომ 12 იანვარს, ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ჩატარდა ტესტირება და რომლის შედეგებსაც უახლოეს პერიოდში გამცნობთ," - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.