"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის პოზიცია უცველელია და ახლა ხელისუფლების შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან, ხელისუფლებმა მთავარი, ვადამდელი არჩევნების საკითხი უნდა განიხილოს.
"არ მგონია, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დანიშნული იყოს. თუ ის წინადადებები აქვთ, რა წინადადებებსაც ელისაშვილი და იოსელიანი აჟღერებენ, ამის თაობაზე ვიცით და ეს პოზიცია არ არის ჩვენთვის მისაღები, ოპოზიციის ერთიანი პოზიცია დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, ვიცავთ ამ პოზიციას, ერთგული ვართ ამ პოზიციის და ველოდებით ხელისუფლებისგან შემხვედრ ნაბიჯს და ადეკვატურ რეაგირებას ამასთან დაკავშირებით და არ ვაპირებთ გაცვლის ღონისძიებებს, რაღაცა საკითხების რაღაც საკითხებში.
ის საკითხები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, აუცილებლად იქნება დღის წესრიგში, იმიტომ რომ მოლაპარაკების მაგიდაზე პაკეტში დევს, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ელექტრონულ სისტემასთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარ საკითხთან ერთად და ეს მთავარი საკითხი არის ვადამდელი არჩევნები,"-აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე.
მისივე განცხადებით, ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალებაა.
"ვადამდელი არჩევნები არ არის უბრალო აჩემება. ჩვენი კონსტიტუციაც იცნობს, როგორც კრიზისის განმუხტვის მექანიზმს ვადამდელ არჩევნებს, ზოგადად დემოკრატიული სამყაროც იცნობს ამას და გარდამავალ დებულებებში, თავად "ქართულ ოცნებას" აქვს ჩაწერილი, რომ 2024 თუ იქნება არჩევვნები, ის რაღაც წესით უნდა ჩატარდეს და მათი ქმედებები გამო დადგა ეს დრო,"-განაცხადა "დღის კურიერში" ფიქრია ჩიხრაძემ.