17 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"თუ ელისაშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო რეფორმა საკმარისია, მაშინ რატომ არ შედის პარლამენტში, თუ - არ უნდა გამოჩნდეს, რომ მოღალატეა?!" - გიგი უგულავა

ალეკო ელისაშვილი მზად არის, პოლიტიკური კონსულტაციები, პირველ რიგში, ოპოზიციურ პარტიებთან დაიწყოს. "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას ახმოვანებს და არა თავისას. 

"ეს არის კობახიძის ინიციატივა, კობახიძეს კი ელისაშვილი ახმოვანებს. ვისთანაც უნდა მივიდეს, ზრდილობა ყველას აქვს, მოუსმენენ და გამოუშვებენ იმით, რითიც მივა. თუ ელისაშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო რეფორმა საკმარისია, მაშინ რატომ არ შედის პარლამენტში?! უნდა, რომ წყალი აამღვრიოს და არ გამოჩნდეს, რომ მოღალატეა, რადგანაც ის თუ პარლამენტში მარტო შევა, მოღალატედ გამოჩნდება," - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ თუ ნებისმიერ პარტიას სურვილი ექნება მათთან კონსულტაციები გამართოს, საუბარს წინ არაფერი უდგას.

"ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის მიერ უზურპირებულ ხელისუფლებასთან და მათთან გვაქვს მოლაპარაკებაზე მზაობა. თუ ვინმე აპირებს მათი სახელით ელაპარაკოს დანარჩენ ოპოზიციას, მე ეს არ ვიცი. ნებისმიერ თემაზე, რაც არ უნდა მოგვწონდეს ან პირიქით, თუ ნებისმიერ პარტიას სურვილი ექნება ჩვენთან კონსულტაციები გამართონ, საუბარს წინ არაფერი უდგას," - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. პირველ ეტაპზე დიალოგი იგეგმება. მიზანი ერთია - მოხდეს პოზიციების შეჯერება.

ასევე კონსულტაციებში მონაწილე პირები უნდა შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები. ეს ყველაფერი კი უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო დონეზე, რაც თავისთავად ითვალისწინებს პარლამენტში მუშაობას.

დღის ამბები