პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ეხმაურება ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც ელისაშვილი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას გეგმავს, პირველ რიგში, ოპოზიციასთან. თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, "შევიდეს პარლამენტში და დაწყნარდეს".
"ელისაშვილს ვეტყოდი, შევიდეს რა პარლამენტში და დაწყნარდეს. არ მეგულება ოპოზიციაში ისეთი არავინ, ვისაც ელისაშვილი გადაარწმუნებს. გამოჩნდეს ახალი არჩევნების სავარაუდო თარიღი, რომელზეც საუბარს დავიწყებთ. აი, ეს არის გამოსავალი. ამ თარიღთან მიმართებაში კი უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაზე," - აცხადებს პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.
ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრ ფიქრია ჩიხრაძისთვის, ვინაიდან, როგორც ის აცხადებს, ელისაშვილმა კარგად იცის ოპოზიციის პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
"არჩევნები აუცილებლად ჩატარდება ფუნდამენტური ცვლილებებით, რომელიც განიხილება პაკეტში ვადამდელ არჩევნებთან ერთად. არ მესმის ალეკო ელისაშვილის პოზიცია ცალ-ცალკე შეხვედრებისა, რადგანაც მან ძალიან კარგად იცის თუ რა პოზიცია აქვს ოპოზიციას. გამოკლებული მოთხოვნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება" - აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე,
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი აცხადებს, რომ მისთვის სწორია ალეკო ელისაშვილის შეთავაზება, ვინაიდან მათაც პარალელურ რეჟიმში იგივე გააკეთეს.
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. პირველ ეტაპზე, დიალოგი იგეგმება. მიზანი ერთია - მოხდეს პოზიციების შეჯერება.
ასევე კონსულტაციებში მონაწილე პირები უნდა შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები. ეს ყველაფერი კი უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო დონეზე, რაც თავისთავად ითვალისწინებს პარლამენტში მუშაობას.