გურიაში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება - სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.
"საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით.
ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.
მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სოფელ ბუკნარში, ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მიზეზი სამლოცველოს მოწყობაა.
ამისთვის მუსულმანებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლი შეიძინეს, თუმცა ადგილობრივ ქრისტიანებს აქვთ მოლოდინი, რომ იქ მეჩეთი და მინარეთი დაიდგმება.