ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობას კანონმდებლები მიმდინარე კვირას აპირებენ. 27-28 იანვარს დაგეგმილია რიგგარეშე სესიის გამართვა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი სწორედ პარლამენტში შესულ ოპოზიციონერთა განცხადებების განხილვაა. ხვალ კი ამავე თემაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ რიგგარეშე სესიის დანიშვნას ვადის ამოწურვიდან გამომდინარე მათ რეგლამენტი ავალდებულებს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნება" საბოლოოდ?! - ამ კითხვაზე უმრავლესობა ჯერ კონკრეტულ პასუხს არ იძლევა.
"ჩვენ, ბუნებრივია, ელჩების აზრსაც ვითვალისწინებთ და ასევე ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ოპოზიციას, რომლის ნაწილსაც, სამწუხაროდ, პასუხისმგებლობა არ გააჩნია, მათ ნაცვლად ჩვენ ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ეს პოლიტიკური პროცესი არ დავაზიანოთ ამ გადაწყვეტილებით," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.