ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მსჯელობას დაეთმობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავაზე და მისთვის დაწესებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით ევროპელ კოლეგებთან იმსჯელებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ სესიაზე ამ მიმართულებით ევროპელი კანონმდებლების მხრიდან საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ზამთრის სესია გუშინ სწორედ საქართველოზე დებატებით გაიხსნა.
სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეფასდა. სადაც ითქვა, რომ ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დაფიქსირდა ხარვეზებიც.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მმართველმა გუნდმა შეძლო, ჩამოეყალიბებინა ისეთი სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ინკლუზიურ და მრავალპარტიულ პარლამენტს უზრუნველყოფდა.
"მსურს თქვენი ყურადღება შევაჩერო მმართველი პარტიის ახალი დღის წესრიგზე, რომელსაც ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა ეწოდება და რომელიც არის სტრატეგიული ეტაპი საქართველოსთვის. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ცხარე წინააღმდეგობები უძღვოდა წინ საკონსტიტუციო რეფორმებს, მიუხედავად ხარვეზებისა, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა დაასკვნეს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული. დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შეეძლოს კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ. ურჩი და "ყველაფერი ან არაფერი" პრინციპით მოხელმძღვანელე რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ იმ მანდატებზე, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა მიაკუთვნა. ამავე დროს, გვესმის, რომ არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ მზად ვართ, რომ განვახორციელოთ მეტი რეფორმა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, უმაღლეს დონეზე გამოვიძიოთ თითოეული ბრალდება",- განაცხადა დელეგაციის წევრმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ის ვალდებულებები, რაც რუსეთს დაეკისრა, უნდა შესრულდეს.
"ძალიან დიდი ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც ჩვენ ამ სასამართლოში მოვიპოვეთ რუსეთის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მოვუწოდოთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რომ ეფექტურად იყოს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომელიც რუსეთს დაეკისრა და იმ დარღვევებს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი,"-აღნიშნა კახა კუჭავამ.