აფგან მუხთარლი პროკურატურაში დაკითხვაზე მეორედ შებრუნდა - ის ამ წუთებშიც საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. შესვენების დროს მან შენობა დატოვა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მის გატაცებაში ხელისუფლებას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, მან გამოძიებას იმ პირების ვინაობა დაუსახელა, ვინც გატაცებაში მონაწილეობდა აზერბაიჯანული მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მუხთარლი 4 უწყებას ადანაშაულებს.
"გამომძიებლის შეკითხვებს ვუპასუხე, კერძოდ იმაზე, თუ როგორ გამიტაცეს, რამდენი ადამიანი იყო ამაში ჩართული, რომელი გზით გადამიყვანეს აზერბაიჯანში და ა.შ. ძირითადი გამოკითხვა უკვე ამის შემდეგ შედგება. პროცესს ორი თარჯიმანი ესწრებოდა და საქმეს თავი კარგად გაართვეს.
მე დავასახელე იმ პირების ვინაობა, ვინც გატაცებაში მონაწილეობდა აზერბაიჯანული მხრიდან. ისინი მაღალი თანამდებობის პირები არიან სხვადასხვა უწყებაში. ქართული მხრიდან კი სახელების დასახელება არ შემიძლია, რადგან ვინც გამიტაცა, მათ არ ვიცნობ. თუმცა, რაც შეეხება უწყებებს, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია, სასაზღვროს სამსახური და გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი. ამის თაობაზე კვირიკაშვილმაც იცოდა. ოთხი უწყება მისი ნებართვის გარეშე ამგვარ დანაშაულს ვერ განახორციელებდა და თუ არ იცოდა მაშინ სულ არ ყოფილა პრემიერ-მინისტრი," - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.
აფგან მუხთარლის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, გამოკითხვები გაგრძელდება და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა იმ საკითხზე ისაუბრებს, რაზეც მას სურდა, რომ მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით ეთქვა.
"მთაწმინდის ეპიზოდზე არ არის იდენტიფიცირებული და ეს არის მთავარი გამოძიების საგანი, რომ მათი იდენტიფიცირება მოხდეს. გაგრძელდება გამოკითხვა, რა დროსაც უკვე ყველა საკითხზე ისაუბრებს აფგანი, რაც მას უნდოდა, რომ მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით ეთქვა. გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს უზრუნველყოფილი იყო თარჯიმანით დაკითხვა. გამოკითხვასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები არ გვაქვს," - განაცხადა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებადამცველმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
შეგახსენებთ, გამოძიება საქართველოში მუხთარლის გატაცების საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. შემდეგ ის საზღვრის უკანონო კვეთის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აზერბაიჯანში ციხეში აღმოჩნდა, სადაც 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საპატიმრო 2020 წლის მარტში დატოვა.