18 მაისი 2024,   16:33
ვრცლად
ევროკავშირი ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენების აკრძალვას გეგმავს - ათენი-ვილნიუსის რეისის საერთაშორისო სკანდალი

უახლოეს სხდომაზე ევროსაბჭო ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, მათ შორის ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალვას. ამის შესახებ BFM TV-სთან ინტერვიუში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში კლემან ბონმა განაცხადა. ევროსაბჭოს მომავალი სანქციები ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში ექსტრემალურად დასმას და ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის  რომან პროტასევიჩის დაკავებას უკავშირდება.

"ეს არის განსაცვიფრებელი და სკანდალური ინციდენტი. ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპულ თვითმფრინავზე, ევროპული კომპანიის, ორ ევროპულ დედაქალაქს შორის რეისზე.  ეს არის სახელმწიფო მეკობრეობის აქტი, რომელიც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს," - განაცხადა ბონმა. მან მინსკში რეინეარის თვითმფრინავის ექსტრემალურ დაჯდომას გატაცება უწოდა.

"ერთ-ერთი შესაძლო სანქცია - ბელორუსის ტერიტორიაზე ფრენების აკრძალვაა" - განაცხადა კლემან ბონმა. მისი თქმით, ასეთი აკრძალვა შეამცირებს ლუკაშენკოს რეჟიმის შემოსავალს.

ბონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მოითხოვეს პროტასევიჩის გათავისუფლება.

"ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ოპოზიციის მხარდაჭერას, გავაძლიერებთ სანქციებს," - აღნიშნა საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა.

ჟურნალისტ რომან პროტასევიჩს ლუკაშენკოს რეჟიმი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. მას ბელარუსში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჟურნალისტის დაკავებამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის, ნატოს, ევროკავშირის და სხვადახვა ევროპელი ლიდერის მწვავე განცხადებები, სადაც ფაქტი თითქმის ტერორიზმის აქტადაა შეფასებული. მოკვლევა უკვე დაიწყო ლიეტუვამ, თვითმფრინავის ტერორიზმის მიზნით გატაცების ბრალდებით.  ლატვიის ავიაკომპანიამ AirBaltic- მა გადაწყვიტა უარი თქვას ფრენების ბელორუსის ტერიტორიაზე.

დღის ამბები