ამ წუთებში ხმაურია დაბა ურეკში, სადაც პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას და საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.
სამართალდამცველებმა გზა მალევე გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლების მომენტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო.
როგორც დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, აქციები არ შეწყდება და მათი პროტესტი მეტად ორგანიზებული გახდება.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ორი დღის წინ ურეკში მოხდა. ბრალდების მიხედვით, 13 პირი პოლიციის შენობას დაესხა თავს და პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოტივად ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლება სახელდება.