19 მაისი 2024,   22:38
ვრცლად
6 და 9 წლის ბავშვებზე დედა, მამინაცვალი და მათი მეგობრები სექსუალურად ძალადობდნენ - "ელმალის საქმემ" და ბავშვების ნახატებმა თურქეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

თურქეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საყოველთაო პროტესტისა და სოციალური კამპანიის #ElmalıDavası მიზეზი გახდა, რომელშიც ჩართულები არიან პრესა, პოლიტიკოსები, სოციალური ქსელი, საფეხბურთო კლუბები, მსახიობები და სხვა ცნობილი ადამიანები.  "ელმალის საქმე" თურქული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.

საქმე არასრულწლოვან შვილებზე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული მშობლების პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხება. 

2020 წლის მაისში ანტალიის პროვინციის, ქალაქ ელმალის პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 7-10 წლის ბავშვების ბებიამ განცხადებით მიმართა, რომელშიც საუბარი იყო, რომ მისი რძალი მერვე აკმანი და რძის ახალი ქმარი რაჰმი აკმანი არასრულწლოვნებს სასტიკად ეპყრობოდნენ. მათზე განხორციელებული ძალადობის დროს გოგონა 6 წლის, ბიჭი კი 9 წლის იყო.

პროკურატურის გამოძიებამ, რომელშიც თურქეთის ოჯახისა და სოციალური სერვისების სამინისტროც ჩაერთო, აჩვენა, რომ ბავშვები არაერთხელ გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არა მხოლოდ დედისა და მამინაცვლის, არამედ მამინაცვლის მეგობრების მხრიდანაც.

2020 წლის 16 ოქტომბერს პირველ სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

უკვე მესამე სასამართლო სხდომაზე  ბავშვების დედამ და მამინაცვალმა დანაშაული კვლავ არ აღიარეს და 2021 წლის იანვარში სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება და ორივე გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლა.

როგორც თურქეთის ოჯახისა და სოციალური სერვისების სამინისტრო იტყობინება, პროკურორმა და სამინისტროს ადვოკატებმა არაერთხელ სცადეს, რომ ბრალდებულების განმეორებითი პატიმრობისთვის მიეღწიათ, თუმცა შემდეგ სხდომამდე, რომელიც 17 სექტემბერსაა ჩანიშნული, ბავშვების დედა და მამინაცვალი კვლავ თავისუფლებაზე რჩებიან.

მას შემდეგ, რაც ამ ფაქტით მედია და სოციალური ქსელის მომხმარებლები აღშფოთდნენ, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამიდ გიულმა თქვა, რომ მოსამართლეთა და პროკურორთა საბჭო განიხილავს ელმალის სასამართლოს მიერ მერვე და რაჰმი აქმანის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.

ჰეშთეგმა #ElmalıDavası თავი მოუყარა მილიონობით თურქს სოციალურ ქსელში, რომლებიც ბავშვების დედისა და მამინაცვლისთვის ადეკვატურ განაჩენს და ბავშვებზე მოძალადეების მკაცრად დასჯას ითხოვენ.

ნახატები კი, რომლებშიც ბავშვებმა მათზე განხორციელებული ძალადობა ასახეს და რომელიც ახლა საქმის გამოძიების მასალებს წარმოადგენს, სასამართლოს მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის სიმბოლოდ იქცა. ნახატებში ასახულია როგორც ფიზიკური ასევე სექსუალური ძალადობის სცენები.

ვრცელდება ბავშვის ჩვენების დეტალებიც, სადაც საუბარია, რომ მასზე ძალადობის უფლებას მოძალადეებს დედა აძლევდა და ძალადობის დროს თავადაც იქ იმყოფებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ის ამაში ფულსაც იღებდა.

ბრალდების მიუხედავად ბავშვების დედა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ბავშვებმა ცრუ ჩვენება მისცეს მისი ყოფილი დედამთილის გავლენით.

იმ უამრავ ადამიანსა და ორგანიზაციას შორის, რომლებიც ამ საქმეს გამოეხმაურნენ და ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩაერთვნენ არის საფეხბურთო კლუბი "გალათასარაი", "ფენერბახჩე", "ბეშიქთაში", მომღერალი ტარკანი, მსახიობები ჰანდე ერჩელი, დამლა სომნეზი, არას ბულუთ იენემლი, ქერემ ბურსინი, დემეთ ოზდემირი, მომღერალი ჰალუკ ლევენთი, მურათ ბოზი და სხვები

 

დღის ამბები