გოგი წულაიამ, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია.
ის, ასევე, საუბრობს ასმათ დვალიშვილზე, ქალზე, რომლის ჩვენების საფუძველზეც ის დააკავეს. გოგი წულაია აცხადებს, რომ დვალიშვილი სუს-ის აგენტია, რომლის ჩვენების საფუძველზეც, ციხეში სასჯელს კიდევ რამდენიმე პატიმარი იხდის და მისივე თქმით, ეს ჩვენებები თითქმის იდენტურია.
ამასთან, გოგი წულაია განაწყენებულია პოლიტიკოსების ნაწილზე, რომლებმაც მას ყურადღება არ მიაქციეს და მისი მხარდამჭერი განცხადებები არ გააკეთეს. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ მხოლოდ მეუღლესთან გრძნობს და მისთვის ბოდიშის მოხდას აპირებს.
"შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდა მხარდაჭერას, დანარჩენებს თავი არ მოუკლიათ. რაც შეეხება ასმათ დვალიშვილს, ის უშიშროების თანამშრომელია. სამი პატიმარი კი არის ციხეში მისი ბრალდებით და დროზე თუ არ გააჩერებენ, შეიძლება ციხე გაავსოს მარტო ამ ქალმა.
მე პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ბერას გინებისთვის დამიჭირეს. თავს დამნაშავედ მარტო ჩემს მეუღლესთან ვგრძნობ,"- აცხადებს პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია.
გოგი წულაიას სასამართლო პროცესები კვლავ გაგრძელდება მანამ, სანამ მას საბოლოოდ არ გაამტყუნებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას კვლავ აპირებს და ამბობს, რომ სიის პირველი ნომერი იქნება ქუთაისში.
გოგი წულაიამ საპატიმრო დღეს დატოვა. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.