პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი, საქმის პროფესიონალი - ეს არის არასრული ჩამონათვალი კრიტერიუმების, რომლითაც ჯერ პრეზიდენტმა, შემდეგ კი უკვე პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე უნდა შეარჩიოს.
დახასიათების სიას მმართველმა გუნდმა დღეს კიდევ ერთი დაამატა - "ქართული ოცნების" შეფასებით, ადამიანი, რომელმაც ორი ოქტომბრის არჩევნები უნდა ჩაატაროს, უნდა იყოს თავისუფალი არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ მესამე სექტორის გავლენებისგან.
პოლიტიკოსები ელოდებიან პრეზიდენტის განკარგულებას - გამოაცხადოს კონკურსი კანდიდატების შესარჩევად. ამისთვის სალომე ზურაბიშვილს 15 დღიანი ვადა აქვს.
ცესკოს თავმჯდომარეს დამტკიცებისთვის დეპუტატების 100 ხმა სჭირდება, თუკი პირველ კენჭისყრაზე კანდიდატმა ხმათა 2/3 ვერ მოაგროვა, მაშინ, შესაძლოა, კენჭისყრა კიდევ 3-ჯერ ჩატარდეს. მეორე შემთხვევაშიც 100 ხმაა საჭირო, მესამე ეტაპზე უკვე 90, თუმცა, თუ ესეც ჩავარდა, მეოთხე კენჭისყრის დროს თავმჯდომარის არჩევა 76 ხმით მოხდება. ამ შემთხვევაში, ცესკოს ხელმძღვანელს არა 5 წლით, არამედ ერთი არჩევნებისთვის - 6 თვით ირჩევენ.