16 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ოპოზიცია და მმართველი გუნდი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს ნდობას უცხადებენ

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განცხადებების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს იწყება. ოპოზიციაში პროცესს ნდობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი საზოგადოების ინფორმირებულობაც არის. 

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს სრულად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი. უნდა დავაბრუნოთ კანდიდატის შერჩევის პროცესისადმი ნდობა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე. 

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას ენდობა, რომელიც იქ არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, პროცესი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ეს ყველაფერი ნდობას იწვევს. 

კომისიას მმართველ გუნდშიც ნდობას უცხადებენ და მოლოდინი აქვთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია კანდიდატების მიმართ ობიექტური იქნება.

რაც ჩვენ ცვლილება შევიტანეთ ცესკოს წევრების შერჩევის პროცესში, იმის გარანტიას იძლევა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება. ჩვენ ოპოზიციასთან კონსულტაცია გვექნება და მოლოდინი გვაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს სიჯანსაღეს და კანდიდატების მიმართ ობიექტური იქნება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი. 

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის პოზიციებზე ვაკანსიები ოფიციალურად გამოცხადებულია. კანდიდატთა შესარჩევი განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა.

ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს ღია კონკურსის წესით სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს.

დღის ამბები