დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დოკუმენტების გადამოწმების მიზნით, სამუშაო ჯგუფი ისევ შეიკრიბა. ოპოზიცია მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს და ამ მიზეზით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმაც.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განსაზღვრა გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სამშაბათიდან დაიწყება. დეპუტატები დღეში, საშუალოდ, 2 კანდიდატს მოუსმენენ.
მმართველ გუნდში ამბობენ რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელიც სასამართლო რეფორმასაც ითვალისწინებს. ოპოზიცია კი სწორედ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს.
"მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ამ პროცესში, შევთავაზებთ, რომ ჩაერთოს პროცესში და გამოვუყოთ შესაბამისი დრო. შევთავაზოთ მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კოალიცია უარს ამბობს ამ პროცესში მონაწილეობაზე, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ემიჯნება ამ ბოიკოტს და სურს ამ პროცესში მონაწილეობა. მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები შეიძლება არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მათაც გამოვუყოთ კონკრეტული დრო და ეს იყოს გამოყოფილი, დადგენილი,"-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტი შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაა.
"თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ მოსამართლეების შერჩევაში, ეს იქნება კიდევ ერთხელ დარღვევა 19 აპრილის შეთანხმების.
რაც შეეხება ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ ამ პროცესში - ნუ დაემსგავსებიან იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ მშობლებს დახოცავს და შემდეგ მოსამართლეს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია. დღეს ისინი თუ არ დაესწრებიან, შემდეგ ნუ იტყვიან, რომ პროცესი არ იყო ინკლუზიური,"-განაცხადა პაპუაშვილმა.