16 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ოპოზიციის, მესამე სექტორისა და ომბუდსმენის ბოიკოტის ფონზე, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრებას იწყებს

სამ დღეში პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრებას იწყებს.

ოპოზიციის ნაწილი ამჯერადაც ბოიკოტის რეჟიმშია - ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს პროცესი შარლ მიშელის დოკუმენტთან წინააღმდეგობაში მოდის. 

"ჩვენ მოსამართლეების არჩევის პროცესში არ ჩავერთვებით, რადგანაც ეს შარლ მიშელის დოკუმენტთან წინააღმდეგობაში მოდის. თუმცა, ზოგადად მივიჩნევთ, რომ ჩვენს სასამართლო რეფორმას ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება და ეს წვრილმანი საკითხები ვერანაირად ვერ გამოასწორებს ამ საკითხს,"- აღნიშნავს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

პროცესში სახალხო დამცველიც არ ერთვება. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა აშკარა დარღვევაა შარლ მიშელის დოკუმენტის.

"ის პროცესი რაც მიმდინარეობს, არ არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. შესაბამისად, იქ სადაც სტანდარტი დაცული არ არის, სახალხო დამცველი არ უნდა იღებდეს პროცესში მონაწილეობას, რადგანაც მონაწილეობა იქნება ხელშეწყობა და გაძლიერება მოსამართლეების იმ ჯგუფებისა, რომელებიც ძალიან ცუდად იყენებენ საკუთარ გავლენებს,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

მსგავსი პოზიცია აქვთ მესამე სექტორშიც, სადაც აღნიშნავენ, რომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის რაიმე ფორმით გაჯანსაღების რესურსს ვერ ხედავენ. 

"იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ რესურსს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის რაიმე ფორმით გაჯანსაღება შესაძლებელია პარლამენტში. არასწორად დაწყებული პროცესი კვლავაც გრძელდება პარლამენტში," - აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

"ქართული ოცნება" კი, მხარეებს პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

დღის ამბები