ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშის გამართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. აღნიშნული განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა:
"ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, ჩვენ არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე კონსტიტუციაში მოხდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა.
მე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ თავის პოზიციას, სურთ მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, სახელმწიფომ ამისთვის ყველაფერი უზრუნველყო და გუშინ და გუშინ წინ ჩაატარეს უსაფრთხოდ. დღეს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შსს არის მუდმივ კონტაქტზე პრაიდის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ საფრთხეები და მიეცათ ალტერნატიული ადგილის შერჩევის შესაძლებლობა. მე მოვუწოდებ გაითვალისწინონ.
ზოგადად ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები მე ვფიქრობ ხელს უწობს მათ დისკრიმინაციას, როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება განსხვავებულობაზე ეს არის დისკრიმინაცია. ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობენ და მუშაობენ, არავითარი საფრთხე არ ექმნებათ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.