საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა რუსთაველის გამზირზე, რადიკალური ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და მოუწოდებს აგრესიულ ჯგუფებს შეწყვიტონ ძალადობა.
"მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია!
ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა,"- წერს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.
განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პასუხისმგებლობა ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა, აქციაზე მისულმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კი პრაიდის ორგანიზატორებსა და მედიას.