საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობს და ხაზს უსვამს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას.
"ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო.
ქართული კულტურა ყოველთვის იდგა ევროპულ ღირებულებებზე და ამასთან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა ევროპასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაახლოებისთვის. თავის მხრივ, ევროკავშირის როლი ფასდაუდებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
სრულიად მიუღებელია ის ძალადობრივი ქმედებები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა, მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ, მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.
საქართველო, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ფასეულობების სახელმწიფო, მუდმივად იდგება ჩვენი საერთო ღირებულებების სადარაჯოზე," - წერს დავით ზალკალიანი "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოაგდეს და დაწვეს. მის ადგილას ევროკავშირის ახალი დროშა დღეს დილით პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აღმართა.