რამდენად რეალისტურია საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადი გააკეთოს თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით - "რუსთავი 2-ს" კითხვაზე ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დასაახლოებლად ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.
"რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რა თქმა უნდა ეს საქართველოს პრეროგატივაა და, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ნათელია, არსებობს პროცედურა განაცხადის შეტანისთვის ევროკავშირში წევრობაზე. თუმცა, როცა ქვეყანა ცდილობს, ამხელა განაცხადი გააკეთოს, მან არგუმენტირებულად უნდა გაამყაროს საკუთარი პოზიცია. ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია, დაძლიოს ყველა ის გამოწვევა და ყველა ის პირობა შეასრულოს, რაც არსებობს წევრობისთვის. მე ასევე, ვიცი საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ საბოლოო მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში წევრობა. სწორედ ამიტომ, მსგავსი დათქმა არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებაში, რომ საქართველო კისრულობს ვალდებულებას ამ გზაზე შეასრულოს ყველა ვალდებულება.
საუკეთესო გზა ამ გზაზე წინსვლისთვის არის სწორედ იმ დათქმების შესრულება, რაც ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი არსებული მექანიზმებით, რომ საქართველო კიდევ ერთხელ დაუახლოვდეს ევროპას. ის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რაც მე ვახსენე, იმედი გვაქვს, რომ დაეხმარება ქვეყანას დააჩქაროს ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია ევროკავშირთან," - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.