16 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ვისგან იქირავა ოფისი გახარიას პარტიამ ქუთაისში - ექსპრემიერს "კანონიერ ქურდთან" დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია

მოძრაობამ ”საქართველოსთვის” ქუთაისში პირველი ოფისი გახსნა. ქუთაისში იმყოფებოდა მოძრაობის ლიდერი გიორგი გახარია. მან მხარდამჭერებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.

გახარიამ აქცენტი გააკეთა ქუთაისის როლსა და განვითარებაზე. გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობა.

ქუთაისში ჩასულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს დღეს კითხეს იმის შესახებაც, თუ რატომ დაიქირავა პარტიამ კონკრეტულად ეს ოფისი. გავრცელებული ინფორმაციით, ფართი ე. წ. ”კანონიერი ქურდის” დავით ფახურიძის ოჯახს ეკუთვნის.

გიორგი გახარიას განმარტებით, მას ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ არ აქვს, ასევე ყოფილი პრემიერის განმარტებით, პარტიისთვის ოფისის დაქირავება პრობლემურია და ხელის შეშლაში მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"პირველად მესმის, არც ვიცი ვის საკუთრებაშია ეს ოფისი, ეს თუ კანონიერად არის ყველაფერი და კანონი არ დარღვეულა არანაირ დისკომფორტს ეს არ მიქმნის. ჩვენმა აქაურმა მენეჯმენტმა თუ კანონიერად გააფორმა ეს კონტრაქტი, ეს არის მთავარი. ზოგიერთ ოფისებში შესულები ვიყავით, მერე სახელმწიფომ იმუშავა იმაზე, სპეციალურმა სამსახურებმა, რომ კონტრაქტები გაეწყვიტათ, ჩვენთვის ოფისის პოვნაც საკმაოდ რთულია." - განაცხადა პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.

დღის ამბები